"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის თქმით, ის უმოკლეს ვადებში ნათია ბერიძისა და POS TV-ის წინააღმდეგ ცრუ დასმენისთვის საჩივარს შეიტანს.
"უმოკლეს ვადებში აუცილებელად შევიტან საჩივარს ცრუ დასმენასთან დაკავშირებით ნათია ბერიძის და POS TV-ის წინააღმდეგ. სწორედ ესაა ცილის წამება, მეტი კი არაფერია, რომ რაღაც არარეალური ფაქტი დაგაბრალონ და გაასაღონ სიმართლედ. ეს არის შალვა რამიშვილის და ქართული ოცნების პროპაგანდისტული კამპანია, სადაც შალვა რამშვილმა გამოიყენა ყველკა სახელმწიფო ინსტიტუტი მისი პირადი პროპაგანდისტული მიზნებისთვის", - თქვა დიმა ჩიქოვანმა.
24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.
შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა.
სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, "პოსტივისთან" ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.
თათია სამხარაძემ POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.