სპეცოპერაციები თბილისში - ნარკოდანაშაული და მაღალჩინოსნების ინტერესი

გამოქვეყნდა:

ბოლო რამდენიმე დღეში პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 9 ადამიანი დააკავა. ყველა სასამართლოს განჩინებით და ყველასთან წინასწარ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვით. 

9-დან ერთ ერთის დაკავების ოპერაციას "მთავარის" გადამღები ჯგუფი რუსთავის ცენტრალურ მაგისტრალზე შეესწრო. მამაკაცი რომელიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს, დაკავებულიც და მანქანაც ადგილზე გაჩხრიკეს. გარკვეული ნივთები დალუქეს, რა მაშინ არავის უთქვამს. კადრში მხოლოდ ფული ჩანდა. ტელეკამერებთან  არც დაკავებულის ახლობლებმა ისაუბრეს. 

შსს-ში მხოლოდ დღეს თქვეს რომ 9 ადამიანი ნარკოტიკების უკანონო შეძენა- შენახვა- რეალიზაციის ბრალდებით ყავდათ დაკავებული და მათგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ჰეროინი" და "მეტადონი" იყო ამოღებული. 

ამგვარი სპეცოპერაციები წესით იმის მანიშნებელი უნდა იყოს რომ შსს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა არსებობს სხვა ინფორმაციაც.

ადვოკატი იასონ ბესელია ამბობს რომ ხშირ შემთხვევაში ამგვარი სპეცოპერაციებისას დაკავებული პირის ბრალეულობა არაფრით მტკიცდება. ეს გარემოება კი უჩენს ეჭვს რომ ხმაურიანი დაკავებები რეალურად არა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ახალი ადამიანებისთვის ადგილის მოსუფთავებას ემსახურება, იმათთვის ვინც ხშირ შემთხვევაში პოლიციის გავლენით სარგებლობენ. 

იმის სამტკიცებლად რომ პოლიცია უკანონო საქმიანობაში ჩართულია კონკრეტული მაგალითიც აქვს. 

ფონიჭალა წლების განმავლობაში ნარკოტიკებით ვაჭრობის ერთერთი მთავარი ცენტრი იყო და ამ უკანონო საქმიანობით გარკვეული პირები სერიოზულ შემოსავალს იღებდნენ. როგორც ჩანს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ნარკოტიკების ყიდვა- გაყიდვა ფონიჭალაში ისევ სერიოზულ ბიზნესად იქცა. არის შემთხვევები, როცა ადამიანებს ფულს მაშინაც ახდევინებენ თუ პოლიცია მათ სახლში ნარკოტიკს ვერ იპოვის. საქმეში ჩახედულ ადვოკატს აქვს ინფორმაცია რომ ამგვარი უკანონო საქმიანობიდან და ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული თანხა კანონიერი ქურდებსა და პოლიციაზე ნაწილდება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი