თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი დღეს დილიდან უკვე აღარ იძებნება. უცნობია ვინ და რატომ გააუქმა გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული გოგონას სოციალური ქსელის ანგარიში, ან ვის ჰქონდა წვდომა მის პაროლებზე.
რა ნახა და რა ინფორმაციისგან გაასუფთავა უცნობმა პირმა გოგონას მიმოწერა- თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა ამ კითხვას არ უპასუხა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს ოფიციალურად მოითხოვა გამოძიებაში ფედერალური ბიურო ჩაერთოს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილს სურს, რომ გარდაცვლილის ავტომობილის ექსპერტიზა ოჯახის ადვოკატის გარეშე არ ჩატარდეს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ექსპერტები და იურისტი სახალხო დამცველსა და დიპლომატებს მიმართავენ. ცენტრ "ემპათიაში" დღეს განაცხადეს, რომ მათ რუსული სპეცსამსახურების მეთოდით დევნიან და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან. მარიამ ჯიშკარიანისა და მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მათ მხოლოდ იმიტომ დევნის, რომ გახმაურებულ და ბურუსით მოცულ საქმეებს იძიებენ.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მას ხელს უშლის გამოიძიოს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე. ადვოკატი გაჭიანურებულ საგამოძიებო პროცესზე საუბრობს და ამბობს, რომ საქმის მასალების გაცნობას ვერ ახერხებს. რამიშვილმა ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ საქმის ვერსიებზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ ეს კარგად შეფუთული მკვლელობა იყოს.
ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ითხოვს ძიებას ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი ჩამოშორდეს და ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას გადაეცეს.
საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. ადვოკატს არ აქვს წვდომა სამძებრო სამუშაოების ამსახველ კადრებზე, ამოღებული არ არის გარდაცვლილის სატელეფონო ჩანაწერები და ამ დრომდე ვერ გახსნეს 23 წლის პროგრამისტის პირადი კომპიუტერი.