ჩანგრეული გზები, წაღებული ხიდები და გარესამყაროს მოწყვეტილი ათასობით ადამიანი - სტიქია რაჭაში

გამოქვეყნდა:

ჩანგრეული გზები, წაღებული ხიდები და გარესამყაროს მოწყვეტილი 2000-ზე მეტი ადამიანი - რაჭაში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელი წვიმების შემდეგ ადიდდა მდინარეები, გარესამყაროს მოწყვეტილია 12 სოფელი. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას ხელისუფლების წარმომადგენლები ამ წუთებშიც აზუსტებენ. გზებთან ერთად დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. კურორტ შოვში ჩარჩენილია ასეულობით ტურისტი. სტიქიას მსხვერპლი არ მოუტანია.  

გასამყაროს მოწყვეტილი ადამიანები ამბობენ, რომ უმძიმეს პირობებში არიან, ეწურებათ საკვებისა და სასმელი წყლის მარაგები, ასევე არ აქვთ საკმარისი ოდენობით მედიკამენტები. 

ონში მცხოვრები ასაკოვანი ადამიანები ამბობენ, რომ რაჭაში ამ მასშტაბის სტიქია დიდი ხანია აღარ ახსოვთ. 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შსს-ს კუთვნილი ვერტმფრენი. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიაც და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რა ზიანი მიადგა რაჭის რეგიონს.

ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენლის თქმით, წყალმა მაღალი ძაბვის გადამცემი სამი ანძა წაიღო. მისი ვარაუდით, დღის ბოლომდე მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.

შეგახსენებთ, რომ წყალუხვი და გადაუღებელი წვიმების შედეგად რაჭაში ადიდდა მდინარეები, რომლებმაც ხის და რკინის კონსტრუქციის ხიდები წაიღო, დააზიანა გზები და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. გარესამყაროს მოწყვეტილია 12 სოფელი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი