ეს ქავთარაშვილის დაგეგმილი პროვოკაციაა - ვისო მუთოშვილის ოჯახი

გამოქვეყნდა:

ეს არის მურად ქავთარაშვილის დაგეგმილი პროვოკაცია - ასეთ განცხადებას აკეთებენ 2019 წელს დაღუპული ვისო მუთოშვილის ოჯახის წევრები. სამართალდამცავებმა მუთოშვილის ძმა და კიდევ ოთხი პირი გუშინდელი ინციდენტის საქმეზე უკვე ახმეტის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს და მათი სახლიდან მოკლულის სახელზე ოფიციალურად რეგისტრებული იარაღიც ამოიღეს. 

22 წლის მუხმად მუთოშვილი "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ პოლიციაში გამოკითხეს, სად იმყოფებოდა გასულ ღამეს. ვისო მუთოშვილის და ლუიზა მუთოშვილი ამბობს, რომ ქავთარაშვილმა ეს პროვოკაცია თავად დაგეგმა, რადგან მკვლელობაში მონაწილე პირი თავადაა, თუმცა სახელმწიფოს ის არ გამოუკითხავს. 

ჩემებს ეძინათ ყველას, გავაღვიძე და ვუთხარი, ასეთი ამბავია თქო და დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ მოვიდა პოლიციის უფროსი და წაიყვანა ჩემი ძმა. სრულიად გაუგებარია, გამოკითხვაზე მიყვანილი ადამიანები რა პრინციპით იქნენ შერჩეული. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ამბავი წინასწარ, თავიანთი დადგმული იყოს, მურადის მიერ, რადგან ჰყავს თავისი შეიარაღებული ჯგუფი, რომელსაც ხელს აფარებს მთავრობა, მათ მიერ წახალისებული ჯგუფი, რომლებიც ხეობაში რაღაც სიტუაციების მოგვარებას ცდილობს, - ამბობს ლუიზა მუთოშვილი.   

მუთოშვილის მკვლელობაზე დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, ერთ-ერთი მათგანი მურად ქავთარაშვილის ძმისშვილია.  

შეგახსენებთ, რომ პანკისში, გუშინ, 28 ივლისს, გვიან ღამით მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. დუისში ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. გამოძიება დაწყებულია მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარების ბრალდებით არის დაწყებული, სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ. 

მურად ქავთარაშვილი დაკავშირებულია 2019 წელს მომხდარ სისხლიან გარჩევასთან, რომლის დროსაც 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. მაშინ ქავთარაშვილი ფეხში დაიჭრა. უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი შურისძიებას. ჯერჯერობით დაუდგენელია, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და თავდასხმის მოტივიც.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი