
პოლიციამ ე.წ. ”ქურდული სამყაროს” წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 28 და 26 წლის ორი მამაკაცი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი ე.წ "კანონიერი ქურდის" ძმაა, კრიმინალური ავტორიტეტია მეორე დაკავებულიც.
გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები "კანონიერი ქურდების" მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და "ქურდული გარჩევის" გზით, "კანონიერი ქურდების" დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ.
გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი დაკავებული, მეტსახელით "ბაჯუნა" ფულის მოტანას სთხოვს მოქალაქეს.
ერთერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 8 საბრძოლო ვაზნა, ხოლო მეორე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ჰეროინი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.