ჩანგრეული გზები, წაღებული ხიდები და გარესამყაროს მოწყვეტილი 2 000-ზე მეტი ადამიანი - რაჭა სტიქიას ებრძვის. გზებთან ერთად, დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. კურორტ შოვში ჩარჩენილია ასეულობით ტურისტი. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რაჭაში, ამ დრომდე, მასშტაბური საევაკუაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან ადამიანები ვერტმფრენებით გამოჰყავთ.
"მთავარმა" იპოვა ის ადგილი, სადაც სხვადასხვა სოფლებიდან გამოყვანილ მოქალაქეებს აგროვებენ. თუმცა ამ ადამიანების თქმით, მათ ყურადღებას არავინ აქცევს და ვერ გაუგიათ, რისთვის გამოიყვანეს სტიქიური უბედურების ზონიდან და რას უპირებენ მათ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თქმით, ხვალიდან გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლების რაოდენობა შემცირდება.
ცნობილია, რომ უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიაც და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რა ზიანი მიადგა რაჭას.
შეგახსენებთ, რომ წყალუხვი და გადაუღებელი წვიმების შედეგად რაჭაში ადიდდა მდინარეები, რომლებმაც ხის და რკინის კონსტრუქციის ხიდები წაიღო, დააზიანა გზები და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. გარესამყაროს მოწყვეტილია 12 სოფელი.