პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა "რადიო თავისუფლებას" აცნობა, რომ უწყება, რომელიც თანამშრომლების კომპიუტერებიდან დეტალურ ინფორმაციას აგროვებდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
თავდაპირველად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განცხადება აღნიშნულზე ისე გაავრცელა, რომ სამინისტრო არ დაუსახელებია. უწყებაში 3 000-მდე დასაქმებულის უფლებები ირღვეოდა. არაგეგმიური შემოწმება სამინისტროში ანონიმური შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა.
დადგინდა, რომ:
სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი 10-ზე მეტი იურიდიულ პირის თანამშრომლების 3000-მდე კომპიუტერზე გააქტიურებული იყო სპეციალური ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც IT მოთხოვნის, სამსახურიდან დროებითი დათხოვნის და საშვის მოთხოვნის გასაგზავნად გამოიყენებოდა, თუმცა ამავდროულად აგროვებდა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების მიერ კომპიუტერების საშუალებით განხორციელებული ქმედებების თაობაზე დეტალურ ინფორმაციას.
შეგროვებული მონაცემები მოიცავდა დასაქმებულების მიერ კომპიუტერში გამოყენებული ელექტრონული პროგამების (მაგალითად: „Opera“ „Google Chrome“, „Pdf“, „Word“, „Exel“,) დასახელებას, აღნიშნული პროგრამების გამოყენების პერიოდს, პროგრამებში გახსნილი აქტიური ფანჯრების (ე.წ „Tab“) დასახელებას (რაც გულისხმობდა მაგალითად ვებგვერდის სათაურზე წვდომის და ამ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მარტივად გაცნობის შესაძლებლობასაც) და სხვა.
შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამაში ჩართული თითოეული თანამშრომლისათვის, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომი იყო მის მიერ ბოლო 60 დღის მანძილზე განხორციელებული აქტივობების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, კერძოდ - თანამშრომლის მიერ ყველაზე ხანგრძლივად გამოყენებული 15 პროგრამის (მაგ: „Excel”, „Teamviewer“, „Photoshop“, „Powerpoint“ და სხვა).
ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის საშუალებით შესაბამისი უწყების მასშტაბით შეგროვებული დეტალური ინფორმაცია კი ხელმისაწვდომი იყო სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების (მათ შორის HR დეპარტამენტების) 30-მდე თანამშრომლისთვის.