
დღეს, 30 ივლისს გახდება ცნობილი, რა ბრალს წაუყენებს პროკურატურა ირაკლი ღლონტს, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე, ლერი სულაბერიძეზე თავდასხმისთვის. როგორც ირკვევა, ღლონტმა დაკავებისას ბრალი აღიარა, თუმცა ადვოკატის აყვანის შემდეგ, დუმილის უფლებით სარგებლობს.
საქმის თავდაპირველი მიმართულება საფეხბურთო კლუბ "დინამოს" წილები იყო, სულაბერიძე უკვე რამდენიმე წელია სასამართლოში დაობს და ორ ინსტანციაში პროცესები უკვე მოიგო, თუმცა "მთავარისთვის" ცნობილი გახდა, რომ მათი დაპირისპირება არა ბიზნესწილებს, არამედ პირად საკითხს ეხება.
დღეს ველოდებით ბრალის წარდგენას. უკვე გვეცოდინება, რა მიმართულებებით არის თავად გამოძიება ჩამოყალიბებული, მივიღებთ საქმის მასალებს. დაკავების შემდეგ ის იყენებს დუმილის უფლებას, - ამბობს დაკავებულის ადვოკატი კახა წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ ლერი სულაბერიძის მანქანას 28 ივლისის საღამოს მოძრავი მანქანიდან ხუთი ტყვია ესროლეს. გამოძიება 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.