ხორავას ქუჩის მკვლელობა - დანაშაულის ადგილი, ფარდული, მეორე დღესვე დაშალეს.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა - დანაშაულის ადგილი, ჯართის შესაგროვებელი პუნქტი, მეორე დღესვე გააქრეს.
2 კვირის წინ ჩვენ ვრცელი რეპორტაჟი მოვამზადეთ დიღომში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვილი 12 წლის ანას შესახებ. 2 კვირის შემდეგ სავარაუოდ დანაშაულის ადგილი აღარ არსებობს. იქ მერიამ სასწრაფოდ სკვერის მოწყობა დაიწყო.
ამ ორი კვირის განმავლობაში კითხვები კიდევ უფრო მეტი გაჩნდა. და კიდევ უფრო განმტკიცდა განცდა, რომ ეს მკვლელობაა. სხვათაშორის იგივეს ამბობს გოგონას დედა, რომელიც ვრცელ სატელეფონო ინტერვიუ მისცა Post Factum-ს. მართალია, ძიება სწორედ მკვლელობის მუხლით მიდის, თუმცა ამ ორი კვირის განმავლობაში სამართალდამცველები არაფორმალური არხებით ინტენსიურად ავრცელებდნენ ვერსიას უბედური შემთხვევის შესახებ. არადა საქმეში იმდენი საეჭვო დეტალია, რომ ვერანაირ "ფაქტ ჩეკინგს" ვერ უძლებს ვერსია, თითქოს გოგონა რაღაცის საჭმელად მაინცდამაინც მიყრუებულ ტერიტორიაზე შევიდა, ბუჩებში შეძვრა, გულაღმა დაწვა და მერე რაღაც გადასცდა.
მითუმეტეს, თუ ძიება ისევ მკვლელობის მუხლით მიდის, კიდევ უფრო მეტი მიზეზი გაქვს სავარაუდო დანაშაულის ადგილი შეინარჩუნო, და შესაბამისად შეინარჩუნო მტკიცებულებები და სამხილები. ამ საქმის ოქრო მოწმეც, რომელმაც ბოლოს ნახა გოგონა ცოცხალი, პოლიციამ მხოლოდ პოსტ ფაქტუმში გასული რეპორტაჟის შემდეგ დაკითხა. 12 წლის ანის საეჭვო სიკვდილის საქმე დავით აბრამიშვილმა შეისწავლა.