წაღებულია ტელევიზორები, მუსიკალური ცენტრი, კომპიუტერული ტექნიკა - გორში საბავშვო ბაღი გაქურდეს

გამოქვეყნდა:

ქურდობა საბავშვო ბაღში - გორის მე-15 საბავშვო ბაღთან ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სამართალდამცველთა მობილიზება გვიან ღამით საბავშვო ბაღში მომხდარ ქურდობას უკავშირდება. 

კომპიუტერული ტექნიკა, ძვირადღირებული მუსიკალური აპარატურა და პლაზმური ტელევიზორები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნივთების, რომელიც ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ბაღიდან წაიღეს.

ადგილზე მოსულ თანამშრომლებს კი ბაღის შენობაში ჯერჯერობით არ უშვებენ. თანამშრომლები ამბობენ, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ადასტურებენ, რომ წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა. 

"მოხდა ქურდობა გორის მე-15 საბავშვო ბაღში, მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ცნობილია, წაღებულია ელექტრონული ტექნიკა, მუსიკალური ცენტრი, და ტელევიზორები. დღევანდელ დღეს დალუქეს ბაღი და გამოძიების დასრულებისთანავე აღვადგენთ სასწავლო პროცესს",- ამბობს გიორგი შათირიშვილი გორის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი. 

საგამოძიებო მოქმედების გამო, დღეს ბაღში სასწავლო პროცესი ჩაიშალა და ბავშვები უკან, სახლში გააბრუნეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი