"შეურაცხადის საბუთის გაკეთება უნდათ" - ავტობუსში, ქმრის მიერ მოკლული ქალის საქმეზე სააპელაციო განხილვა იწყება

გამოქვეყნდა:

სააპელაციო სასამართლოში, ავტობუსში ქმრის მიერ შვილების თვალწინ მოკლული ქალის საქმეზე განხილვა იწყება. პირველი სხდომა ხვალ, 13 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა ის დაცვის მხარის მოთხოვნით გადაიდო.

პირველმა ინსტანციამ მკვლელობისთვის დაკავებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ადვოკატი ამბობს, რომ იგეგმება ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, რომ კაცი შემთხვევის დროს შეურაცხადი იყო.

"გადაიდო სხდომა, რადგან მე არ ვარ თბილისში, შვებულებაში ვარ. დანიშნულია ალტერნატიული ექსპერტიზა და გვაქვს მოლოდინი, რომ დაადგენს ბრალდებულის შეურაცხადობის საკითხს", - ამბობს სულხან კომახიძე.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მოკლული ქალის ოჯახი. ისინი კაცისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ. მოკლულის დედის ინფორმაციით, სასამართლოს დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებია ბავშვებისთვის, რომელთა თვალწინაც მკვლელობა მოხდა.

"სამუდამოს ვითხოვ. მე 20 წელზე მქონდა პრეტენზია, რას ჰქვია სამუდამოს არ აძლევენ-მეთქი. საბუთის გაკეთება უნდათ, რომ მას მიეცეს არა ნაწილობრივ, არამედ მთლიანად შეურაცხადის საბუთი. დაუმტკიცდეს, რომ ის ფსიქიკურად არაა ნორმალური და 3-4 წელიწადში გაუშვებენ ფსიქიატრიულიდან. ბავშვთა უფლებები რომ დაირღვა ამაზე რატომ დუმს სახელმწიფო. 5 ბავშვის წინ მოხდა საზარელი მკვლელობა. სასამართლოში ბავშვები არ ცნეს დაზარალებულებად", - ამბობს ხათუნა ნაჭყებია.

შეგახსენებთ, მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე გასული წლის 21 მაისს მოხდა. ქმარმა ქალი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი