
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო, შეძენა, შენახვა-ტარებითვის ირაკლი ღლონტს ბრალი წარედგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების განცხადებაში წერია, რომ პროკურატურა ღლონტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართავს.
საქართველოს პროკურატურამ ლ.ს-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე, ი.ღ-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, - ნათქვამია უწყების გაცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, შსს-ს საგამოძიებო მოქმედების დროს ნივთმტკიცებად საბრძოლო მასალა ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი ღლონტი 2020 წლის 29 ივლისს დააკავეს.
ღლონტს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 28 ივლისს, წყნეთის გზატკეცილზე, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე, ლერი სულაბერიძეზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. "მთავარის" ინფორმაციით, დაპირისპირება წარსულში მომხდარ ისტორიას უკავშირდება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანიძის ოჯახის წევრები დაიბარეს და მოსთხოვეს, გიორგი რურუას წინააღმდეგ სარჩელი შეეტანათ, სანაცვლოდ კი "დინამოს" წილებს შეპირდნენ. საქმე ხანდაზმული აღმოჩდა, თუმცა "დინამოს" წილებზე დავა ამ დრომდე გრძელდება. საქმე უზენაეს სასამართლოშია და ის ორ ინსტანციაში ლერი სულაბერიძეს მოგებული აქვს. ამიტომ დაპირისპირება შეირაღებული თავდასხმით დასრულდა.