მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს დაკავებული ჟურნალისტების, "პუბლიკას" დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის და "ტაბულას" ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის 2 200-2 200 ლარით დაჯარიმებას.
"ზურა ვარდიაშვილი აქციის მიმდინარეობის დროს, ხოლო ბექა ჯიქურაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს დააკავეს, ორივე მათგანის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის" ბრალდებით. სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებდა, რომ ბექა ჯიქურაშვილი დაკავების დროს ჟურნალისტური საქმიანობის ახორციელებდა. შესაბამისად, მისდამი სასამართლოს მხრიდან სამართალდამრღვევად ცნობა ორმაგად საგანგაშოა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ორივე საქმის განხილვა სასამართლოში ღამის 5 საათზე დასრულდა. ძირითად მტკიცებულებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების ოქმი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ჩვენება ჰქონდათ წარმოდგენილი. ზურა ვარდიაშვილის შემთხვევაში კი დაკავების ბრძანების გამცემი, ვაჟა სირაძე მოწმის სახით არ დაკითხულა, ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები. შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშეც ცხადია, რომ მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ საპატრულო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებებს", - წერია განცხადებაში.
კოალიციის განცხადებით, ცალსახაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასა და შეზღუდვას ისახავს მიზნად.