
სახალხო დამცველის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით სარჩელის არ დაკმაყოფილება შემაშფოთებელია.
უკიდურესად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და არ გააუქმა ის ნორმა, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების წარდგენა მოხდეს საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად, - წერს სახალხო დამცველი.
ომბუდსმენის განცხადებით, საკონსტიტუციო სამართლოს მიერ 30 ივლისის მიღებული ეს გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოში მართლმსაჯულების გამჭირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 8 მოსამართლის შემადგენლობით მიღო, მოსამართლეთა ხმები თანაბრად გაიყო.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში გადამწყვეტი იყო მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ხმა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს, გაუმჭვირვალე პროცედურით სწორედ იმ მოსამართლეთა მიერ შეირჩა, რომლებიც სადავო ნორმების საფუძველზე გამწესდნენ უზენაეს სასამართლოში. ეს ფაქტორი განსაკუთრებით იმსახურებს ხაზგასმას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას და აჩენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების მოტივაციასთან დაკავშირებით, - წერია განცხადებაში.