კანცელარიასთან მიმდინარე აქციას, რომელსაც აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედები მართავენ, ექიმების ნაწილი შეუერთდა. ისინი მშობლებს სოლიდარობას უცხადებენ და ხელისუფლებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანას სთხოვენ.
პარალელურად, აქციის ერთ-ერთი მონაწილე, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: "ექიმების ნაწილი მხარდასაჭერად ვერ მოვიდა, დაურეკეს ზემოდან".
მანამდე, აქციას შეუერთდნენ დიაბეტიანი ბავშვების მშობლები.
დღეს 18:00 საათზე კი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან საპროტესტო მარშს გამართავენ. მოთხოვნა უცვლელია - აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტის შემოტანა ქვეყანაში.
უცვლელია მთავრობის პოზიციაც. ხუთდღიანი უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, პრემიერმინისტრი დედებთან შეხვედრას ისევ არ აპირებს.