
ადვოკატის პროტესტის უკიდურესი ფორმა მთავარ პროკურატურასთან - ადვოკატმა ნიკოლოზ კვანტრიშვილმა ვენები გადაიჭრა. ის ამბობს, რომ სუიციდი არ უცია და ამ ზომამდე მაღალჩინოსნებმა და მათმა მართულმა მოსამართლეებმა მიიყვანეს.
კვანტრიშვილი სდსს-ს ყოფილი თანამშრომლის, მირიან ჯავახიშვილის ადვოკატია და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვე მყოფს განაჩენი ანზორ ჩუბინიძის დაკვეთით გამოუტანეს. დაკვეთა კი ადვოკატის განცხადებით მოსამართლე გიორგი არევაძემ შეასრულა.
"ანზორ ჩუბინიძე ზეგავლენას ახდენს სასამართლოზე, მის მიერ შეკვეთილი დანაშაული გამოიტანა სასამართლომ, სამსახური დატოვოს შეკვეთის შემსრულებელმა გიორგი არევაძემ." ამბობს კვანტრიშვილი და თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს ანზორ ჩუბინიძესაც.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე უკანონოა, არ არსებობს მტკიცებულებები და ის უნდა შეწყდეს. მისივე თქმით, უკვე 6 თვეა ითხოვს შეხვედრებს როგორც პროკურატურაში, ისე სხვა სახელმწიფო უწყებებში, თუმცა უშედეგოდ.
მიღებული დაზიანებებით, კვანტრიშვილი სასწრაფო დახმარებამ ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანა. მთავარ პროკურატურასთან კი შეკრებილები იყვნენ როგორც მისი, ისე მირიან ჯავახიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები.
სდსს-ს ყოფილი თანამშრომელი, მირიან ჯავახიშვილი ამჟამად პატიმრობაშია. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. განაჩენი სასამართლომ 2022 წელს გამოიტანა.
ჯავახიშვილს მისივე კოლეგა, ნათია დოღონაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟში სდებდა ბრალს.ჯავახიშვილის მხარე კი აცხადებდა, რომ დოღონაძეს ჩუბინიძე მფარველობდა და ბრალდებაც და სასჯელიც სწორედ მისი დაკვეთილი იყო.
მაშინ დაცვის მხარე ამბობდა, რომ ჯავახიშვილის დევნა ანზორ ჩუბინიძესთან დაპირისპირების შემდეგ დაიწყო. კერძოდ, ჯავახიშვილმა სდსს-ს ხელმძღვანელის ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაცვად გამოუცდელი კადრი დანიშნეს.