თავდაცვის სამინისტრო 45 წლის მამუკა მელაძის გარდაცვალების მიზეზად სუიციდს ასახელებს და განცხადებაში ამბობს, რომ სამხედროს, სავარაუდოდ, ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის უწყების პოზიციას არ იზიარებს ოჯახი. ნათესავები ჯერ ტელეკამერებთან არ საუბრობენ.
"ოჯახური კონფლიქტი? არაფერი, ეგეთი რამე არ გვსმენია, თორემ აქვე ვართ, ახლოს ვართ. ათასი რამე არსებობს, ტყუილად ხომ ვერ ვიტყვით",- ამბობს გარდაცვლილი სამხედროს მეზობელი.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილ სამხედროს ოჯახური კონფლიქტი არ ჰქონია - "არაფერი კონფლიქტი არ ჰქონია არავისთან. დაბადებიდან აქ გაიზარდა და მაგის ცუდი აქ არავის ახსოვს, ვერ დავიჯერებ ამ ვერსიას. რაღაც მოხდა იქ ალბათ, თორემ დანარჩენი აქ ოჯახში არაფერი".
გარდაცვლილი სამხედროს ცხედარი ცოტა ხნის წინ, მშობლიურ კასპში გადაასვენეს. მამუკკა მელაძე იქ მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ცხოვრობდა.
მამუკა მელაძე გამოცდილი სამხედრო იყო. ის თავდაცვის ძალებში მრავალი წლის განმავლობაში ირიცხებოდა. იმყოფებოდა სამშვიდობო მისიებში. მამუკა მელაძე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა.
ამავე თემაზე: