12 წლის ანა მოკლულია - ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას სხეულზე 40-მდე დაზიანება მიაყენეს

გამოქვეყნდა:

12 წლის გოგონას სხეულზე 40- მდე დაზიანება მიაყენეს,შემდეგ კი, გაგუდეს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო პირველად დასკვნას აქვეყნებს, სადაც გოგონას გარდაცვალების მიზეზად ასფიქსიაა დასახელებული. რაც აჩენს ეჭვს, რომ 12 წლის ანა იანუშაიტიტე გაგუდულია. 

გარდაცვლილს მთელ სხეულზე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნება, რომელიც  სიცოცხლის დროინდელია და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა მიყენებული. 

მოკლული 12 წლის გოგონას დედას სამხარაულის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა დღეს გადაეცა. დედა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხმა მისი ეჭვები - რომ ანა მოკლეს,  დაადასტურა. 

დიდ დიღომში მომხდარი შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები ამ დროისთვის ჩატარებული 5 ექსპერტიზით ხდება ცნობილი. ოჯახის წევრები თავიდანვე ამბობდნენ, რომ 12 წლის გოგონას სხეულზე - ხელებსა და ფეხებზე ნაკაწრები ჰქონდა, შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევი იყო დაზიანებები ზურგზე და  დალურჯებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზიანებები ბლაგვი საგნით არის მიყენებული.  თუ რა იყო ეს საგანი - ამ კითხვას პასუხი მომდევნო ექსპერტიზებმა უნდა გასცეს. 

შემზარავი ფაქტიდან მალევე გაიჟღერა გამოძიების ვერსიამ, რომ გოგონას საკვები გადასცდა და გაიგუდა. ამ ვერსიის ნამდვილობას ეჭვქვეშ თავიდანვე არა ერთი ფაქტობრივი გარემოება აყენებდა.  მოკლულის დედა კი გამოძიების ვერსიას, რომ ბავშვი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა კატეგორიულად გამორიცხავდა. 

უცნაურია, რომ გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ სრულად გაანადგურეს შემთხვევის ადგილი. მოჭრეს და ამოთხარეს ხეები. მათ შორის ის ხე, რომლის მიმდებარედაც მოკლულის ცხედარი იპოვეს. 

ანა იანუშაიტიტე 16 მარტს ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე  ის არაერთმა მეზობელმა ნახა.  მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე  გოგონა დაღუპული იპოვეს. მოკლულის  ოჯახი და ადვოკატები სიმართლის დასადგენად და დამნაშავის გამოსავლენად ახლა  კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას და საქმეში საერთაშორისო და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ. 

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი