გარდაცვლილი ჯარისკაცის საქმე - მამუკა მელაძის ოჯახი სუიციდის ვერსიას გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის უფროსი სერჟანტი 45 წლის მამუკა მელაძე გუშინ, გვიან ღამით თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტზე გარდაცვლილი იპოვეს - ამას წერს თავდაცვის სამინისტრო და ხაზგასმით აცხადებს, რომ რამდენიმე საათის დაწყებულ გამოძიებას უკვე აქვს წინასწარი ვერსია, რომლის თანახმადაც სამხედრომ თავი ოჯახური კონფლიქტის გამო მოიკლა.

მამუკა მელაძის ოჯახმა მომხდარის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, როცა ცხედარი უკვე ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული, თავდაცვის სამინისტროდან მათ არავინ დაკავშირებია და არც რაიმე ინფორმაცია მიუწოდებია, მაგრამ ოჯახის წევრები კონფლიქტის ნიადაგზე თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

მამუკა მელაძეს მრავალწლიანი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, წლების განმავლობაში ირიცხებოდა მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაში, იბრძოდა აგვისტოს ომში, მონაწილეობდა არაერთ სამშვიდობო მისიაში. მისთვის ჯილდოებისა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიებს თავდაცვის სამინისტროს არქივიც ინახავს. მიუხედავად ყველა ამ დამსახურებისა დღეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მელაძეს არ იცნობდნენ და არც არასდროს უნახავთ - ამას ამბობენ ისინიც ვინც სამინისტროს ბაზაზე შესულ ყველა პირს პირადად აკონტროლებენ.

მამუკა მელაძე კასპიდან იყო, მისი საქმიანობის გამო აქ უფროს სერჟანტს ყველა კარგად იცნობდა. მეზობლები და ოჯახის ახლობლები თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიას არ ენდობიან და ამბობენ, რომ მელაძეების ოჯახში კონფლიქტი არ ყოფილა. 

მამუკა მელაძე კასპში დღეს გადაასვენეს, საქმეს სამხედრო პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი