თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას მკვლელობის მუხლით მოითხოვს და პროკურატურას შესაბამისი განცხადებით მიმართავს. მთავარ საგამოძიებო უწყებაში 23 წლის პროგრამისტის მშობლები დღეს იმყოფებოდნენ.
მოთხოვნის მიზეზი საქმის პირველი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის სკანდალური ინტერვიუ გახდა, რომელიც მან "ფორმულას" მისცა.
"დაიწყონ თავიდან გამოძიება მკვლელობის მუხლით. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, ისევ მათი უწყების თანამშრომლისგან, რომელმაც უკეთ იცის, რაც ხდება ამ სისტემაში და უტყუარი ფაქტები მოიყვანა, ამიტომ აუცილებელია თავიდან დაბრუნდეს ძიებაში ეს საქმე. ყველა ვარიანტში უნდა დაიწყოს [გამოძიება], რას გააკეთებენ, მაგათ ტვინებში რა ხდება მე არ ვიცი. თავიდანვე ყველაფერს აყალბებდნენ და სავარაუდოდ, ახლაც ყველა ღონეს იხმარენ, რომ პირიქით ეს კაცი გამოიყვანონ დამნაშავე", - თქვა თეონა თამაზაშვილმა.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დარწმუნებულია, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს.
"ბატონი სერგოს განცხადების შემდეგ მოვედით, რომ ბოლოს და ბოლოს სიმართლე დადგინდეს, განცხადება შევიტანოთ და დაიწყოს ძიება. რასაც ეს კაცი იძახის სიმართლეა, ნამუსი თუ შერჩათ უნდა დაიწყოს გამოძიება და ბოლოს და ბოლოს სიმართლე დადგინდეს. თამარს თავი არ მოუკლავს, მოკლეს და მკვლელები გარეთ სეირნობენ. არ გავჩერდებით თუ არ დაიწყეს გამოძიება", - თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
შეგახსენებთ, 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა საქმეზე ტელეკომპანია "ფორმულას" ვრცელი ინტერვიუ მისცა. სერგო შუბითიძის თქმით, მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობს, რომ საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია.
"ფორმულასთვის" მიცემული სკანდალური ინტერვიუს ავტორი აცხადებდა, რომ გამოძიების დროს ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა. ყოფილი გამომძიებელი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ვიღაცამ ის გაასუფთავა.
სატელევიზიო ინტერვიუს საფუძველზე პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.