"კითხვები იყო მობილურ ტელეფონზეც" | საქალაქოში ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის დაკითხვა დასრულდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის დაკითხვა დასრულდა. ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა, დაკითხვის შემდეგ კი ყოფილ გამომძიებელს კომენტარი არ გაუკეთებია. 

შუბითიძის ადვოკატმა კი მედიასთან თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა. 

„იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. მესმის, რომ მაღალი საჯარო ინტერესია, თუმცა ამ შემთხვევაში, მეტი კომენტარის გაკეთების საშუალება არ გვაქვს. კითხვები შეეხებოდა ძირითადად იმას, რაზეც უკვე გადაცემაში ისაუბრა. ასევე, კითხვები იყო მობილურ ტელეფონთან დაკავშირებითაც. ამ ეტაპზე ფართო კომენტარს ვერ გავაკეთებთ ისევ და ისევ საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე. დამატებით შეკითხვებს ბატონი სერგო გასცემს, როდესაც სურვილი ექნება. რაზეც ისაუბრა გადაცემაში, ყველაფერი ისაუბრა სასამართლო დარბაზში“, - თქვა ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ.

შეგახსენებთ, 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა საქმეზე ტელეკომპანია "ფორმულას" ვრცელი ინტერვიუ მისცა. სერგო შუბითიძის თქმით, მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობს, რომ საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია. 

"ფორმულასთვის" მიცემული სკანდალური ინტერვიუს ავტორი აცხადებდა, რომ გამოძიების დროს  ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა. ყოფილი  გამომძიებელი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ვიღაცამ ის გაასუფთავა. 

სატელევიზიო ინტერვიუს საფუძველზე პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი