მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება, ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება - TI

გამოქვეყნდა:

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირების "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმოხილვას აქვეყნებს და გამოყოფს იმ ფაქტებს, რომლებმაც, ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ქვეყანაში მედიაგარემოს სისტემური გაუარესება გამოიწვია.

TI წერს, რომ საქართველოში მედიაგარემო ყოველწლიურად უარესდება და ჟურნალისტური საქმიანობა უფრო და უფრო საშიში ხდება.

"სახეზეა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის მიზანია დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის ინფორმაციის მოპოვების პროცესში ხელოვნური ბარიერების შექმნა, ჟურნალისტის პროფესიის დისკრედიტაცია და მედიისადმი ნდობის შესუსტება.

მედიაგარემოს გაჯანსაღება პირდაპირ კავშირშია მმართველი გუნდის პოლიტიკურ ნებასთან. ამისთვის, პირველ რიგში, პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული მედიამენეჯერი ნიკა გვარამია. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები: გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, ეფექტურად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და დასაჯოს დამნაშავეები, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა მედიის წინააღმდეგ, სახელმწიფო მოხელეებმა კი მოხსნან ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში", - წერია განცხადებაში.

მიმოხილვა იწყება "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე საუბრით:

"2022 წლის 16 მაისს ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელს და დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ შეაფასა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგზის კრიტიკულად გამოეხმაურენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოხვდა 2023 წლის „ჰუმან რაითს ვოთჩის“ ანგარიშში, ხოლო „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. დაპატიმრებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 11-მა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადაედგა ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის. მათ მიერ 2023 წლის 20 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვარამიას პატიმრობაში დარჩენა აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და “ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი სწორედ ამაზე მიანიშნებს”. პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას დაპატიმრებას გამოეხმაურა აშშ-ს ჰელსინკის კომისია.

ასევე, ორგანიზაცია წერს,  ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმებზე, მედიის წარმომადგენლებზე ფარული მიყურადებსი ათობით გამოუძიებელ საქმეზე, ჟურნალისტების გაჩუმებისთვის მათ  წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების სარჩელების შეტანაზე, გაუარესებულ კანონმდებლობაზე, "რუსულ კანონზე", რომელიც მედიის წინააღმდეგ იყო მიმართული, პარლამენტში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი წესზე. 

მიმოხილვას სრულად გაეცანით ბმულზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი