თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, პოლიციელებმა ე.წ "ქოლ-ცენტრების" საქმესთან დაკავშირებით სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე ერთი ოფისი და მესამე სართული მთლიანად დალუქეს.
შპს-ს, რომელსაც შენობა ეკუთვნის, ბევრი მეწილე ჰყავს. წილის ყველაზე დიდი ნაწილი, 33% ლომგულ ჭკუასელს ეკუთვნის, რომელიც ჩვენს ზარებს არ პასუხობს. წილის 25%-ს ფლობს დავით ვაშაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმა. იგი მეორე სართულზე მდებარე სასტუმროს ფლობს, რომელიც სამართალდამცველებს არ დაულუქიათ.
როგორც დავით ვაშაძე ამბობს, მას შეხება მხოლოდ სასტუმროსთან ჰქონდა და სხვა ოფისებთან კავშირი არ ჰქონია.
"მე ვფლობ ამ შენობაში 25%-ს და ჩემი წილი არის რეალიზებული მეორე სართულზე სასტუმროში, რომელიც არის ჩემს საკუთრებაში 100%-ით. შპს "თბილისი თაიმსი" არის ასევე ჩემი კომპანია და დაახლოებით 7 წელია აქ სასტუმრო მაქვს. შესაბამისად, სხვა ფართებთან მე საერთოდ შეხება არ მაქვს და ვერ მაქვს. გადანაწილებაა, ეს ნაწილი არის ჩემი, რაზეც პასუხისმგებელი ვარ, სხვებზე ვერ ვერთვები. ამიტომ, მე ინფორმაცია არ მქონდა. მე როდესაც მიწევს ხოლმე გამოსვლა, დისტანციურად ვმართავ სასტუმროს არ სჭირდება, სეზონიც დაბალია, როცა აქ მოვდიოდი ზემოთ საერთოდ არც ვიცოდი თუ გახსნილი იყო," - ამბობს დავით ვაშაძე.
მისივე თქმით, კომპანიის დირექტორი ლომგულ ჭკუასელია, რომელიც თავად იღებდა გადაწყვეტილებებს თუ რომელ კომპანიას მიაქირავებდა ოფისს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა აღმაშენებლის გამზირზე სავარაუდოდ ქოლ-ცენტრების საქმეზე სპეცოპერაცია ჩაატარეს. პოლიციელები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.