დღეიდან მიუნხენის მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგება - ფასები 8 ათას ლარამდე მერყეობს

გამოქვეყნდა:

დღეიდან მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო ავიამიმოსვლა განახლდება. ფრენებს მხოლოდ გერმანული ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 17 ივლისს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  • მიუნხენი - თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • თბილისი - მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

"მთავარი არხი" დაინტერესდა, რა ღირს ამ მიმართულებით ფრენა ავიარეისების დაწყების დღეს, მაგალითად, სამ აგვისტოს - თბილისი - მიუნხენის რეისზე.

აღმოვაჩინეთ, რომ 3 აგვისტოს, ორშაბათს, თბილისი - მიუნხენის რეისზე ერთი გზის ღირებულება 4 022-დან 7 638 ლარამდე მერყეობს. 

როგორც "მთავარს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს, პირველი რეისი მიუნხეიდან თბილისში სწორედ 3 აგვისტოს, დილის საათებში განხორციელდება. რის შემდეგაც, 3 აგვისტოსვე, თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით, პანდემიის შემდეგ, პირველი რეისი შესრულდება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველომ საზღვრები ევროკავშირის ხუთ ქვეყანას - გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს უპირობოდ 8 ივლისს გაუხსნარაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს ან მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებს, ქვეყანაში მოგზაურობა დაუბრკოლებლად შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ამავე ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, უკან დაბრუნების შემთხვევაში,
ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს ცის გახსნა არაერთხელ გადადო. თავდაპირველი ინფორმაციით, ცა მაისის ბოლოდან უნდა გახსნილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს თარიღი კიდევ ერთი თვით, პირველ აგვისტომდე გადავადდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი