
ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც 14 წლის მოზარდზე გენდერული ნიშნით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, სისტემატიურად ძალადობდნენ. დაკავებულები მოზარდის ბიძა და ბაბუა არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა - დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.