მკვლელობა, გაუპატიურება, დაჭრა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები უკვე ყოველდღიურობად იქცა. კრიმინოგენური ვითარება და პოლიციელების გაუხსნელი საქმეები სულ უფრო იზრდება. შინაგან საქმეთა მინისტრი კი ამტკიცებს, რომ კრიმინალი არ გაზრდილა.
უცნობია რა მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობს ქვეყნის პირველი პოლიციელი. სინამდვილეში კი კრიმინალი არათუ გაიზარდა, არამედ კრიმინალური ავტორიტეტები დღეს ქვეყანაში შემოდიან და თბილისის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდებიან. არაერთი გახმაურებული საქმის მთავარი მონაწილე დავით ქარსელაძე, იგივე "კალატოზა" საქართველოშია. კრიმინალური ავტორიტეტი, რომლის სახელთანაც ქურდული სამყაროს წევრობა და სამარშრუტო ტაქსების ხაზების რეკეტია დაკავშირებული ქვეყანა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვა, დღეს საქართველოშია და ბიზნესითაა დაკავებული.
"მთავარი არხის" ინფორმაციით დავით ქარსელაძე საქართველოში რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა. მისი სახელი და გვარი გარდაბნის რაიონში, სოფელ გამარჯვებაში ყველამ იცის. მისი საკუთრებაა სოფლის ცენტრში მშენებარე ოთხსართულიანი შენობა-ნაგებობა და სოფლის მიწები. ადგილობრივები "მთავარ არხს" უყვებიან რომ "კალატოზა" გამარჯვებაში დიდ დროს ატარებს და კონკრეტული ბიზნესებითაა დაკავებული.
წყარო, რომელმაც "კალატოზას" საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გვიამბო, ამბობს რომ კრიმინალური ავტორიტეტი ქვეყანაში კონკრეტული "საქმეების დასალაგებლადაა" ჩამოსული და ვარაუდობს, რომ ქუჩური გარჩევები დედაქალაქში სულ უფრო გახშირდება.
"კალატოზას" სახელთანაა დაკავშირებული ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი სროლა. 2 მაისს ქალაქის ცენტრში, საკუთარი სახლის წინ 54 წლის დამირ კირცხალიას რამდენჯერმე ესროლეს. ფიროსმანის 6 ნომერში კაცს მიმავალი მანქანიდან თავდამსხმელებმა მთელი მჭიდი დააცალეს. მამაკაცს 4 ტყვია მოხვდა. შეიარაღებულმა პირებმა მიმალვა შავი ჯიპით მოახერხეს.
წყარო გვიყვება რომ დამირ კირცხალიას და "კალატოზას" წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ურთიერთობა კი "კალატოზას" საქართველოდან წასვლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც კირცხალიამ ქარსელაძის კუთვნილი ბიზნესების მისაკუთრება გადაწყვიტა. წლების შემდეგ დავით ქარსელაძე საქართველოში დაბრუნდა და როგორც ჩანს შურისძიება გადაწყვიტა.
კიდევ ერთი ფიზიკური ანგარიშსწორება და შეიარაღებული თავდასხმა ქალაქის ცენტრში 1-ელ მაისს მოხდა. შს ყოფილი მინისტრისა და დეპუტატის დილარ ხაბულიანის ძმას ჯერ სახლთან დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც რამდენიმე საათში ახალი დაპირისპირება მოჰყვა. დემურ ხაბულიანს შატბერაშვილის ქუჩაზე ცეცხლი გაუხსნეს. კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ შეიარაღებული თავდასხმის ადგილზე. თავდამსხმელები იდენტიფიცირებული ამ დრომდე არ არიან.
2023 წლის პირველი იანვარი საბედისწერო აღმოჩნდა პაკელიანებისა და აფრასიძეების ოჯახებისთვის. ახალი წლის დღეს სვანეთში, სოფელ ეცერში მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 28 წლის გიორგი პაკელიანი და 30 წლის გურამ აფრასიძე ახალი წლის სუფრის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
ეცერში მომხდარი მკვლელობიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე, შობის ღამეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე შეყელაძე მოკლეს. პოლიციის მაღალჩინოსანს ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ მისივე თანამშრომელმა ესროლა.დაიჭრა კიდევ ერთი პოლიციელი, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.
მთელი ქვეყანა შეძრა 20 იანვარს კახეთში მომხდარმა ტრაგედიამ. გვიან ღამით საგარეჯოში, მთავარ ქუჩაზე შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.
კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა 11 მარტს ბათუმში. ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთ ღამის კლუბში მოკლეს. 25 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე დაიღუპა.
სტატისტიკის ნაწილია კიდევ ერთი მკვლელობა, რომელიც უამრავი ადამიანის თვალწინ, თბილისის ცენტრში მოხდა. ვერაზე, ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს თავს შეიარაღებული პირი დაესხა და დაჭრა. "ვერის საძმოს" გავლენიანი წევრის დაცვამ საპასუხოდ ისროლა.
შედეგად მოკლულია 38 წლის საბა გახოკია. დაჭრილია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელიც ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ტყვია შემთხვევით მოხვდა. სავარაუდოდ, საბა გახოკია გიჩო მარგველაშივლის მკვლელობას არ გეგმავდა. ახლო მანძილიდან ფეხებში ესროლა და ტერიტორიიდან გაცლა სცადა. ამის მიუხედავად, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მარგველაშვილის დაცვა მიზანმიმართულად, ბევრი გასროლით კლავს საბა გახოკიას.
ამ დრომდე გაუხსნელია ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის საქმე. მას ჩასაფრება სახლისკენ მიმავალ გზაზე მოუწყვეს, იქ სადაც კამერებიცაა და უამრავი თვითმხილველი ჰყავდა. ამის მიუხედავად, გამოძიებამ ვერ შეძლო ვერც მკვლელების იდენტიფიცირება და ვერც მათი დაკავება.