რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული 21 წლის აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან.
პარალელურად სასამართლოს ეზოში ლაზარეს მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი, იქ უკვე იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადამცველები.
ადგილზე იმყოფება ლაზარე გრიგორიადისის ბაბუაც, რომელმაც "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა, რომ ლაზარე დღევანდელი მართლმსაჯულების მსხვერპლია.
მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა წინა სხდომაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა, ჩატარებულიყო ექსპერტიზა ბრალდების მხარის ვიდეომტკიცებულებებზე.
"ლაზარე არის დღევანდელი მართლმსაჯულების მსხვერპლი. პოზიცია მაქვს ერთი, რომ ლაზარე მინდა იყოს სახლში. ჩვენმა ადვოკატებმა სამხარაულის ექსპერტიზაზე შეიტანეს კადრები, რომ ჩვენც დავრწმუნებულიყავით ლაზარე არის თუ არა [კადრებში], მაგრამ სასამართლომ უარი გვითხრა ექსპერტიზის ჩატარებაზე. ჩვენმა ადვოკატებმა გაასაჩივრეს საკითხი და შეტანილია სააპელაციოში რათა დაგვრთონ ნება, რომ ჩვენც ჩავატაროთ ექსპერტიზა", - თქვა გრიგორიადისის ბაბუამ.
დღესვე გაიმართება კიდევ ერთი აქტივისტისა და პარტია "საქართველოსთვის" წევრის, კოკა კობალაძის სასამართლო პროცესი. გამოძიება მას მარტის აქციებზე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. კობალაძე ამბობს, რომ დაცვის მხარეს აქვს მტკიცებულება, რომელშიც ჩანს, რომ სამართალდამცველებმა მის მიმართ უფლებამოსილებას გადაამეტეს.
"რასაც მედავებიან, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, არის სრულიად უტოპიური და არანაირად არ მტკიცდება. ჩვენ პირიქით, გვაქვს, ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ჩანს ჩემს მიმართ უფლებამოსილების გადამეტება, რასაც სასამართლო განიხილავს და ვფიქრობ, რომ ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე", - თქვა კოკა კობალაძემ.