საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გადაიდო

გამოქვეყნდა:

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის არსებით განხილვა გადაიდო. 

როგორც ბითაძემ განმარტა, ამის მიზეზი ის გახდა, რომ საქმე სააპელაციო სასამართლოში არის გადაგზავნილი. სააპელაციომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მტკიცებულებასთან დაკავშირებით. 

საქმე ეხება წინა სასამართლო პროცესზე ლაზარეს ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც მათ ალტერნატიული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ კი მოსამართლის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა. 

"დღეს პროცესი აუცილებლად გადაიდება და საერთოდ აღარ ჩატარდება, იმიტომ, რომ, როგორც გავარკვიეთ, საქმე არის გადაგზავნილი სააპელაციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სანამ სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაუშვებელ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენმა კოლეგამ გაასაჩივრა, ლოგიკურია მანამდე საქმე ფიზიკურად არ არის საქალაქო სასამართლოში და ამიტომ ვერ დაინიშნება პროცესი.

ჩვენმა კოლეგამ გაასაჩივრა, იმიტომ რომ მის მიერ დანიშნული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა დაუშვებლად ცნეს, ეს დანიშვნა თვითონ. არსებითი დარღვევებით გაქვსო დანიშნულიო და აქედან გამომდინარე გაასაჩივრა კოლეგამ და ველოდებით გადაწყვეტილებას," - თქვა ლიკა ბითაძემ. 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო კოკა კობალაძის სასამართლო პროცესიც, რომელიც ასევე გადაიდო. კობალაძის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ ის სამართალდამცველები, რომლებიც მის დაკავებაში მონაწილეობდნენ.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამართალდამცველები ვითომ იმყოფებოდნენ ოპერატიულ დავალებაზე, რის გამოც ვერ შეძლეს სხდომაზე გამოცხადება. სამაგიეროდ ჩვენ გვქონდა ვიდეომტკიცებულება, რასაც მოსამართლე კიდევ გამიხილავს. აქედან გამომდინარე გადაიდო სასამართლო პროცესი," - ამბობს კობალაძე. 

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები იყვნენ პოლიტიკური პარტიების წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და აქტივისტები.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი