
ბადრი ესებუას მშობლებმა ჩვენება შეცვალეს და ამტკიცებენ, რომ 21 ოქტომბერს, საქართველოს ბანკზე თავდასხმის დღეს ბადრი ესებუა სახლში იმყოფებოდა და სახლიდან მხოლოდ 23 ოქტომბერს გავიდა.
ესებუას მშობლები შვილის არდაბრუნების სავარაუდო მიზეზად მედიით გავრცელებული ინფორმაციას ასახელებენ, რომ ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუაა.
"მას შემდეგ, რაც გვარამიამ დაადო ხელი, ის არ გვინახავს", - თქვა ტარიელ ესებუამ.
გარდა ამისა, ჩვენებაში ბადრი ესებუას დედა აღნიშნავს, რომ მისი შვილი 21 ოქტომბერს გავიდა სახლიდან და დაბრუნდა 23 ოქტომბერს, მაისური გამოიცვალა, აიღო საძილე ტომარა და წავიდა.
მამის ჩვენების თანახმად კი, 21 ოქტომბერს, როცა თავად სამსახურში წავიდა და ბადრი ესებუას სახლში ეძინა, უკან მისულს შვილი არ დახვედრია.
მშობლემბმა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები იმით ახსნეს, რომ გამომძიებელთა ჩვენების მიცემის დროს იმყოფებოდნენ მძიმე მდგომარეობაში და დეტალურად ვერ გაეცნენ ჩვენების ოქმს:
"ოქმისთვის ხელი მომაწერინეს, მაგრამ არ წამიკითხავს. ცუდად ვიყავი”, - განუმარტა სასამართლოს ნინო ჯიქიამ.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მომდევნო სხდომაზე, 18 მაისს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ის ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში აიყვანეს. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკში" შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.
ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.
დაკავების შემდეგ წარდგენილ ბრალზე კი ესებუას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს