ციხეში მამაპაპისეული მიწის მფლობისთვის - რატომ დაიჭირეს ლევან პაქსაძე?

გამოქვეყნდა:

საქართველოს უკიდურეს სამხრეთში, სამცხე-ჯავახეთისა და მაღალმთიანი აჭარის დამაკავშირებელ გზაზე არის ერთი პატარა, 12-კომლიანი სოფელი, უტყისუბანი. თორმეტივე კომლმა, ახლო-მახლო თუ შორეული სოფლებიდან ნათესავებს უხმო და ყველა, დიდიან-პატარიანად და კაციან-ქალიანად იმ კაცის დასახმარებლად შეკრიბა, რომელიც, მათივე თქმით, პოლიციამ კი არ დააკავა, არამედ სოფლიდან ბანდიტურად გაიტაცა. 

ბოსლიდან გამოსულ კაცს, თავის მოწესრიგების საშუალება რომ არ მისცეს და ნაკელში ამოსვრილი რეზინის ჩექმებით ჯერ სასამართლოში და მერე, პირდაპირ გლდანის ციხეში რომ უკრეს თავი, ამ დიდი აბსურდის თეატრის ტრაგიკული, თუმცა მაინც, მხოლოდ რიგითი მიზანსცენაა. 

ღამით დაკავებული კაცი სისხამ დილით გაასამართლეს, თან ისე, რომ პროცესს დაკავებულების ახლობლები კი არა, ადვოკატიც არ დაასწრეს. ამ ფაქტზე მოსამართლე ანაიტ ოგანესიანს ყურიც არ შეუბერტყავს - ეს უკვე არამხოლოდ სამსახურეობრივი გულგრილობა, არამედ სამართლიანი სასამართლოს პრინციპის უხეში დარღვევაცაა. 

უსამართლობა ამ ოჯახის მიმართ რომ ხორციელდება, სწორედ ისეთი უნდა - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი ვანო კაჭკაჭიშვილი უტყისუბნელ გლეხს ლევან პაქსაძეს თაღლითური გზით სახელმწიფო მიწის მიტაცებაში ადანაშაულებს. ანუ იმ ძალოვანი უწყების
წარმომადგენელი, რომელიც არასდროს დაინტერესებულა, რა სახსრებით აიშენეს ეს მრავალმილიონიანი ვილები და როგორ ჩაიგდეს ხელში სახელმწიფოს კუთვნილი ათეულობით თუ ასეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთები წვრილფეხა თუ მსხვილფეხა ჩინოვნიკებმა, ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებს, გონება უნათდება და ინტერესდება ქვეყნის დასალიერში, სოფელში რომლის იქით მამალიც აღარ ყივის, გლეხს წესრიგში აქვს თუ არა მიწის პრივატისაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ამ საქმის გამოძიებას იწყებს. თანაც ისე, რომ გზადაგზა ყველაფერს აყალბებს და თანასოფლელებს ერთმანეთს უპირისპირებს.

ამ საქმეში ყველაზე საოცარი მაინც ის არის, რომ პროკურატურა ეჭვქვეშ აყენებს სახელმწიფო უწყების იუსტიციის სახლის საქმიანობის კანონიერებას და მისი თანამშრომლების კომპეტენტურობას, რადგან თვლის, რომ დოკუმენტი, რომელიც ამ უწყებამ გასცა და რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული მიწის
ნაკვეთის მფლობელი ლევან პაქსაძეა საბუთების გაყალბების შედეგად შეიქმნა.

საჯარო რეესტრის საიტზე შესვლისას ლევან პაქსაძის ყველა ქმედება თვალსაჩინოა. აღნიშნული მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე განაცხადი 2017 წლის 21 აპრილს შეიტანა. შემდეგ ჩანს რა პროცესები მიმდინარეობს, დამატებით რა საბუთებს სთხოვენ მას მარეგისტრირებელ ორგანოში და როგორ თანხმდება ლევან პაქსაძე, რომ მისი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ყველა საკითხი "აღიარების კომისიამ" შეისწავლოს, რაც მოხდა კიდეც. პროცედურა საბოლოო 2 აგვისტოს დასრულდა და იუსტიციის სახლმა საბუთი გასცა, რადგან ჩათვალა, რომ ლევან პაქსაძეს ეს მიწა მამა-პაპისგან მემკვიდრეობით ერგო. ამასვე ადასტურებენ ლევნ პაქსაძის ძმებიცა და მთელი სოფელიც.

ლევან პაქსაძე ამ სათიბს კანონიერად რომ ფლობს სახელმწიფოს ერთხელ უკვე აღიარებული აქვს. 2017
წლის სექტემბერში, მას შემდეგ რაც ახალციხე-ბათუმის დამაკავშირებელი გზის კეთილმოწყობის გეგმა ამოქმედდა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ანუ სახელმწიფო უწყებამ პაქსაძეებს ამ
ნაკვეთის მცირე ნაწილის სანაცვლოდ, რომლის დათმობაც ოჯახს ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო მოუწია კომპენსაცია გადაუხადა.

ამ მიწის ნაკვეთმა ღურებულება რამდენიმე წლის წინ მას შემდეგ შეიძინა, რაც მაღალმთიან აჭარაში ახალი სამთო-სათხილამურო, თუ საზაფხულო კურორტები გაიხსნა და გოდერძის უღელტეხილი აქტიური ტურისტული მიმოსვლის ზონად იქცა. იმ დღიდან მოყოლებული პაქსაძეებთან მიწის შეძენის არაერთი მსურველი. 

მთელი სოფელი დარწმუნებულია, რომ ეს ხარბი თვალის მქონე ისეთი გავლენიანი კაცის მიერ ჩადენილი დანაშაულია, რომელსაც შეუძლია პროკურორები ხელის ბიჭებივით გამოიყენოს და შავ-ბნელი საქმეები შეასრულებინოს. 

თანასოფლელის უსამართლოდ დაჩაგვრასთან შეგუებას უტყისუბნელები არ აპირებენ, ისინი მხარდაჭერასა და თანადგომას მეზობელის სოფლების მოსახლეობასთან ერთად, მედიასა და მთელ ქართულ საზოგადოებასაც სთხოვენ, რადგან ყველა მათგანი ხვდება, რომ ამ ქვეყანაში ისეთი ქონების ფლობა, რომელიც შესაძლოა ვინმეს თვალში ცუდად მოხვდეს ძალიან სახიფათო ხდება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი