საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქეების საბანკო ანგარიშების რაოდენობა საქართველოს კომერციულ ბანკებში ომის შემდეგ გაიზარდა, თუმცა აცხადებს, რომ მკაცრი მონიტორინგისა და კონტროლის ქვეშაა თითოეული ტრანზაქცია. არჩილ მესტვირიშვილის თქმით, კომერციული ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ, როგორც ანგარიშის გახსნის დროს, ისე შემდეგ, ხომ არ არის პირი სანქცირებული.
"რუსეთის რეზიდენტების მიერ, საქართველოს კომერციულ ბანკებში თანხები გაიზარდა მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები დაიწყო რუსეთმა უკრაინაში. მას შემდეგ გაიზარდა ზოგადად არარეზიდენტების დეპოზიტები საქართველოში და განსაკუთრებით რუსეთიდან, მაგრამ არამარტო რუსეთიდან, სხვა ქვეყნებიდანაც.
რაც შეეხება კონტროლს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები არ იყოს დაკავშირებული სანქცირებულ პირებთან, კომერციული ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ასევე მომავალში, იმიტომ, რომ შეიძლება ანგარიშის გახსნის მომენტში პირი არ იყოს სანქცირებული, მაგრამ მომავალში ის გახდეს სანქცირებული. ამიტომ, ამის ძალიან მკაცრი მონიტორინგი ხდება და შესაბამისად ჩვენ ვაკონტროლებთ ბანკებს, რამდენად სწორად და კარგად ახდენენ ამ სანქციების მონიტორინგს. ჩვენ ცალკე განყოფილება შევქმენით ამისთვის და კომერციულმა ბანკებმაც ზოგმა 15 და ზოგმა 5 კაცი დაიმატა ამისთვის, რომ სანქციების კონტროლი იყოს რაც შეიძლება ეფექტური" თქვა მესტვირიშვილმა.
მისივე თქმით, სანქციების განუხრელი დაცვა სებ-ისთვის მნიშვნელოვანია და კომერციული ბანკებიც ამ მხრივ კარგად მუშაობენ.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, რუსები ქართულ ბანკებში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ფულს ინახავენ - ბოლო ერთ წელში ამ თანხის მოცულობა 327%-ით არის გაზრდილი. თუ 2021 წელს რუსების მიერ საქართველოში შენახული თანხა 567 მილიონ ლარს შეადგენდა, 2022 წელს ამ რიცხვმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა.