
ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მოსამართლის პოზიცია და ბრალდებულს მოუსპო საშუალება, მოეპოვებინა მისი გამართლებისათვის საჭირო მტკიცებულება.
საუბარია დაცვის მხარის მიერ, პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო დაცვის მხარის მიერ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა:
"თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მოსამართლის პოზიცია, რითაც დაარღვია მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა. შესაბამისად ბრალდებულს მოუსპო საშუალება, მოეპოვებინა მისი გამართლებისათვის საჭირო მტკიცებულება.
2023 წლის 5 მაისს ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინამოსამზადებელი და საგამოძიებო სხდომის მოსამართლის - ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილება, რომლითაც დაუშვებელ მტკიცებულებადაა ცნობილი დაცვის მხარის მიერ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.
2023 წლის 8 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო ლაზარე გრიგორიადისის პირველი არსებითი სხდომა. საქალაქო სასამართლოში სხდომა ვერ ჩატარდა, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაითხოვა ლაზარე გრიგორიადისის მთლიანი საქმე და დაიწყო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის განხილვა.
2023 წლის 8 მაისს სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებლად განიხილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა - უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინამოსამზადებელი და საგამოძიებო სხდომის მოსამართლის, ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილება." წერს ადამიანის უფლებათა ცენტრი