გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მამის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 21 წლის ბიჭი დანაშაულს აღიარებს. არსებული ინფორმაციით ის სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
დაკავებული ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მოკლულის ოჯახის წევრები გამოკითხვაზე იმყოფებიან. მოკლული კაცის ცოლი, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, მისი ქმარი სისტემატურად ნასვამ მდგომარეობაში მიდიოდა სახლში და ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და მოკვლით ემუქრებოდა.
ადგილობრივების თქმით, გუშინ, მკვლელობის დროს სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როცა მოკლული კაცი სახლში ნასვამი დაბრუნდა, ქალი მეზობლებთან დახმარების სათხოვნელად გავიდა, უკან დაბრუნებულს კი მისი მეუღლე მოკლული დახვდა.
"გუშინ მოვიდა ნასვამი, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი, სრულიად უმიზეზოდ, სრულიად უსაბაბოდ. მომსწრენიც არიან მაგისი, დაიწყო ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოსვლა. გამოიწვია ჩემი შვილი, ეძახდა - მოდი აბა დამარტყიო - დანა დაუნახია თვითონ ჩემს მეუღლეს, ეცა ამ დანას, მოდი აბა რას მიზამო. ამის შედეგად წაბორძიკდნენ, დანა წაართვა და ეს დარტყმა როგორ მოხდა რანაირად მოხდა მე უკვე არ ვიცი.
აქამდე არ მივმართე [პოლიციას] რადგან სულ იყო მუქარა, რომ შენ რომ წახვიდე და პოლიციას მიმართო მე იქიდან ერთ წელში გამოვალ, მაქსიმუმ სამ წელშიო", - ამბობს მოკლულის მეუღლე.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.