ხვალ, 15 მაისს, 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებულის, თორნიკე აკოფაშვილის პროცესი გაიმართება.
აკოფაშვილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, ხვალინდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს. სხდომის პარალელურად იგეგმება აქცია საქალაქო სასამართლოს ეზოშიც. სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ აკოფაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური შურისძიების ნაწილია.
თავად აკოფაშვილს იმედი არ აქვს, რომ სასამართლო მის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. მისი თქმით, მის საქმის მოსამართლე ე.წ. კლანის წევრია.
"როგორც ვიცი, ჩემი მოსამართლე იქნება რომეო ტყეშელაშვილი, რომელიც გათქმულია კლანის წევრობაში, კლანის ერთ-ერთი წევრია. აქედან გამომდინარე, მანამდე რომ ვამბობდი, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს ჩემთან მიმართებაში, ეს ამის კიდევ ერთი დასტურია. ქართული სასამართლო სისტემა მაქსიმალურად ცდილობს გაგაშავოს და ხელს უწყობს ჩვენს მთავრობას", - თქვა თორნიკე აკოფაშვილმა.
თორნიკე აკოფაშვილი პოლიციამ 8 მარტს დააკავა, აკოფაშვილი მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ
გათავისუფლდა. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება.