პოლიციამ ოთხი ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკონტროლოდ, რამდენჯერმე იყიდეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. უწყების ინფორმაციით, არსებობს შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერიც.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი ე.წ. "დადების" მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები, - წერია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა 2 მილიონამდე ლარია.

საქმეზე გამოძეიბა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი