გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ გიუნაშვილი კლინიკა "გორმედში" იმ სამედიცინო მანიპულაციებს ეცნობა, რომელიც 4 წლის ბავშვს ჩაუტარდა, რა სახის დახმარება გაეწია მას და ჰქონდა თუ არა ჩატარებული აცრები. მომხდარით შესაძლოა ჯანდაცვის რეგულირების სააგენტო დაინტერესდეს.
საუბარია 4 წლის თომა წიქარიძეზე, რომელიც ჩუტყვავილას გართულებებით გარდაიცვალა:
"გარდაცვლილია 4 წლის ბავშვი, დიაგნოზია ჩუტყვავილა, კვირას მიმართა ექიმს და 5 დღის კლინიკა ჰქონდა ბავშვს და დამძიმების შედეგად, თბილისში გადაიყვანეს და გარდაიცვალა. ვიკვლევთ, რა დროს შევიდა, მიმართვიანობა როდის იყო ექიმთან, აცრების სტატუსს" ამბობს გიუნაშვილი.
4 წლის თომას ჩუტყვავილას სიმპტომები - გამონაყარი და მაღალი სიცხე 1 კვირის წინ განუვითარდა. ოჯახი ექიმის რეკომენდაციით ბავშვს სახლში მკურნალობდა, თუმცა მას შემდეგ რაც მდგომარეობა დამძიმდა, ბავშვი "გორმედში" გადაიყვანეს. ოჯახი ამბობს, რომ არასრულწლოვანს იქ სათანადო სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს და იძულებულნი გახდნენ თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადმოეყვანათ თუმცა 4 წლის მოზარდი გზაში გარდაიცვალა.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
განახლება: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმის შესწავლა უკვე დაიწყო.