საქალაქოში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს - სხდომა დახურულია

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული პირების  პროცესი მიმდინარეობს. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და სხდომა დახურულია. 

დაკავებულები ტერორიზმის ბრალდებას არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. დაკავებულებს შორის ერთი თურქეთის მოქალაქეა, ხოლო ექვსი საქართველოს.

საიდუმლო გრიფის გამო, საქმის დეტალებზე ვერც ადვოკატები საუბრობენ, თუმცა აცხადებენ პროკურატურას არ აქვს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის უპირობო გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს, ნაწილი კი გირაოს. ბრალდების მხარე ყველა დაკავებულისთვის 2 თვიან წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. 

პროკურორი აცხადებს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები დევს იმის დასადასტურებლად, რომ დაკავებულები სხვადასხვა ქვეყნებში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. პროკურორის თქმით, გარდა შეიარაღებისა და საბრძოლო მასალისა, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ელექტრონული დოკუმენტაციაც.

შეგახსენებთ, "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერების დაკავების შესახებ ინფორმაცია და ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეოკადრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი