
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ყველა დაკავებულის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, ხოლო ადვოკატები 5 000-10 000-ლარიან გირაოს სთავაზობდნენ.
საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, რის გამოც პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საქმის დეტალებზე კი მხარეები ამავე მიზეზით არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, სუს-მა საქართველოს 6 და თურქეთის 1 მოქალაქე სასამართლო განჩინების საფუძველზე, კონტრტერორისტული ოპერაციით აიყვანა.
პროკურატურამ შვიდივე მათგანს ბრალი უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე წარუდგინა.