ჟვანია-თოფაძის დაჭრის საქმე - სამართალდამცველები ოფიციალურ ვერსიაზე არ საუბრობენ

გამოქვეყნდა:

ოთახი, სადაც ლევან თოფაძეს დანით, ოთხი ჭრილობა მიაყენეს, მეორე დღეა, დალუქულია. ტერიტორიას ამ დრომდე ეტყობა სისხლის კვალი და არსებობს მტკიცებულებები, თუმცა ძალოვანი უწყება საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზის ჩატარებას არ ჩქარობს.  

სამართალდამცველებს სისხლიანი დაპირისპირების ოფიციალურ ვერსიაზე დამატებითი განმარტება არ გაუკეთებიათ. თავად დაზარალებულის ოჯახი კი ვარაუდობს, რომ ანგარიშსწორება თოფაძის მეგობარ ქალს უკავშირდება. ლევან თოფაძის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში უგონოდ მიიყვანეს, ამ დროისთვის სტაბილურია. კლინიკაში რჩება ბრალდებული ბუსა ჟვანიაც.

ბიზნესმენი გოგი თოფაძე შვილიშვილის დაჭრაში ეჭვმიტანილ ბუსა ჟვანიას სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის დაჭრილი არ არის და პასუხიმგებლობის თავიდან აცილების მიზნით განგებ დაწვა საავადმყოფოში. თოფაძის თქმით, რომ იგი ჟვანიას ოჯახთან მოლაპარაკებაზე არ წავა და დამნაშავემ, რომლისთვისაც ეს პირველი შემთხვევა არ არის, პასუხი უნდა აგოს. 

კონფლიქტის მიზეზსა და დანაშაულის მოტივზე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს, თუმცა თოფაძე  ეჭვობს, რომ დაპირისპირება მისი შვილიშვილის მეგობარ ქალს უკავშირდება, რომელთანაც ბუსა ჟვანიას წარსულში ურთიერთობა ჰქონდა. თოფაძე იხსენებს, რომ 2 აგვისტოს, გამთენიისას, მის სახლში ლევან თოფაძესთან მეგობრები იმყოფებოდნენ. სწორედ ამ დროს ადგილზე მივიდა ბუსა ჟვანია და თოფაძეს ცივი იარაღით ოთხი ჭრილობა მიაყენა. მომხდარს ლევან თოფაძის მეგობრები და ბებია შეესწრნენ.

დაჭრილი ლევან თოფაძე ახლა რეანიმაციაშია. სამართალდამცველებს ის ჯერ არ გამოუკითხავთ. სახლში, სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა, ჯერ ისევ არის სისხლის კვალი, თუმცა გამოძიება ექსპერტიზის ჩატარებას არ ჩქარობს.

იმავე საავადმყოფოშია ბუსა ჟვანიაც. საქმეზე გამოძიება დაწყებულია და ჟვანიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი ინტერესები, შესაძლოა, ირმა ჭკადუამ დაიცვას, თუმცა ჯერ არც ადვოკატი და არც ოჯახი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ჟვანიას ოჯახი მომხდარზე მედიასთან არ საუბრობს. ეჭვმიტანილს კი ბრალს სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი