"ლიბერთი ბანკის" დიღმის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა დღეს დილით მოხდა. დამნაშავე პირი პოლიციას ამ დრომდე არ ჰყავს დაკავებული.
თავდამსხმელი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როდესაც ათობით კლიენტი მთავარ დარბაზში იმყოფებოდა. ნიღბიანმა თავდამსხმელმა მოლარე ოპერატორს იარაღის მუქარით სალაროს დაცლა მოსთხოვა, მოლარე ოპერატორმა განგაშის სიგნალის გამოყენება მოასწრო, თუმცა პოლიციის მისასვლელად თავდამსხმელმა ფულის წაღება მოახერხა.
პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო. დღეს მთელი დღის განმავლობში შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახური მუშაობდა.
რა რაოდენობის თანხა წაიღეს ლიბერთიდან ზუსტად უცნობია. ამ კითხვას არც ბანკში პასუხობენ.
ეს ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების პირველი შემთხვევა არ არის. მთავარი არხის არქივში თავდასხმის რამდენიმე ვიდეომასალა ინახება.
დღევანდელ ყაჩაღობაზე კი შსს-მ გამოძიება ყაჩღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.