ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ზესტაფონში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა.

პროკურორის თქმით, საქმეში მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ დაზარალებულები მოტყუებით ჩამიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მათ პროცესზე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს. ადვოკატის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩხეიძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში დააკავეს. 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი