
კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთში უზბეკეთის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, წარმოშობილი კონფლიქტის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დიდი ხნის ნაცნობს, 1969 წელს დაბადებულ ჟ.ტ.-ს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
გ.ხ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ქალის ცხედარი მდინარეში გადააგდო, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული გაბრიელ ხოხობაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. ის წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნიდანაა და წლების განმავლობაში უზბეკეთში, მეგობარ ქალთან ცხოვრობდა, საქართველოში კი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა და სასტუმროში ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, კახეთში, ივრის ხეობაში მდებარე ჰესში უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. 50 წლამდე ქალს ძალადობის კვალი აღენიშნება. მოკლულს თავის არეში სავარაუდოდ აგური ჩაარტყეს. არსებული ინფორმაციით, უზბეკეთის მოქალაქეს სიმსივნე ჰქონდა, რის სამკურნალოდაც გარკვეული თანხა ჰქონდა. მკვლელობის მოტივად სწორედ თანხის დაუფლება სახელდება. ცხედარი გურჯაანში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ბრალდებული პოლიციამ გუშინვე დააკავა.