ბუსა ჟვანიას ადვოკატი სასამართლოს 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ჟვანიას სასამართლო ამ წუთებში მიმდინარეობს.
ბრალდების მხარე კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ლევან თოფაძესა და ბუსა ჟვანიას შორის 2 აგვისტოს თოფაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა, რა დროსაც გოგი თოფაძის შვილიშვილს, გამოძიების ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ დანით ჭრილობები მიაყენა. ლევან თოფაძე მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. საავადმყოფოში იმყოფებოდა თავად ბუსა ჟვანიაც, რომელიც კლინიკიდან დღეს პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს.
ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა, თუმცა მოგვიანებით გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუმძიმა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჟვანიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.