შსს-ს მორიგი დათმობა ბაჩალიაშვილის საქმეში - გამოძიებაში FBI ჩაერთვება

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ამერიკის ფედერალური ბიურო ჩაერთვება, თუმცა მანამდე საქმის მსვლელობა მთლიანად ქართული გამოძიების ხელშია, რომელმაც 13-დღიანი უმოქმედობის შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები მოწმეებზე ზეწოლით დაიწყო. პროგრამისტის ოჯახი ღიად ამბობს, რომ მეზობლების გამოკითხვის მიმართულება პირდაპირ მიუთითებს, რომ ძალოვანები თვითმკვლელობის ვერსიის გასამყარებლად მუშაობენ. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ 23 წლის პროგრამისტის კომპიუტერში არც ერთი საქმიანი ფაილი აღარ იძებნება, რაც ოჯახს და ბაჩალიაშვილების ინტერესების დამცველს უმყარებს ეჭვს, რომ კომპიუტერი ოფიციალური ექსპერტიზის ჩატარებამდე გახსნილი იყო და მასალები სწორედ ამ დროს წაშალეს.

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები ამერიკის საელჩოსთან გოგონას ფოტოებით დილიდან მივიდნენ. მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახს ელჩის წარმომადგენელი შეხვდა და მხარდაჭერას შეჰპირდა. დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთვება. გადაწყვეტილება შსს-ში მას შემდეგ მიიღეს, რაც გარდაცვლილის ოჯახი პერმანენტული აქციებით და შიმშილობით დაიმუქრა. 

FBI-ის ჩართვა ოჯახმა კატეგორიულად მას შემდეგ მოითხოვა, რაც თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული მასალების შესახებ სამხარაულმა ექსპერტიზის დასკვნა გასცა. აღმოჩნდა, რომ სამუშაო ლეპტოპში მხოლოდ პირადი ფოტოები და ვიდეოკადრები იყო. ადვოკატიც და ოჯახიც დარწმუნებულია, რომ ფაილები წაშლილია. ეჭვობენ, რომ კომპიუტერის ჩანაწერები გამქრალია დაღუპულის მანქანიდანაც.

საღამოს, 13-დღიანი უმოქმედობის შემდეგ, ბაჩალიაშვილის კორპუსში გამომძიებლები მივიდნენ. ორი კვირის შემდეგ დაწყებულია მეზობლების გამოკითხვა, თუმცა ოჯახის ინფორმაციით, გამომძიებლები მოწმეებზე ზეწოლას ახდენენ. 

გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით, ისინი ყოველდღიურად რწმუნდებიან, რომ გამოძიება გარდაცვალების რეალურ მიზეზს მალავს. ისინი პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ და შსს-ს რამდენიმე დღეს აძლევენ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რადიკალური ზომების მიღებას აპირებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი