ბუსა ჟვანია პატიმრობაშია - ლევან თოფაძე არ დაუკითხავთ

გამოქვეყნდა:

ნინო ქადაგიძე ჟვანია დღეს პირველად გამოჩნდა. დედამ ერთადერთი განცხადება სასამართლო სხდომის დაწყებამდე გააკეთა. ზურაბ ჟვანიას მეუღლე ფიქრობს რომ მისი შვილი დამნაშავეა, თუმცა ასეთ მკაცრ სასჯელს არ იმსახურებს. 

ბუსა ჟვანიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრობის 50 000 ლარიანი გირაოთი შეცვლაზე  სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბრალდებულს სხდომაზე არ უსაუბრია აღიარებს თუ არა დანაშაულს. ამაზე არც მისი ადვოკატი საუბრობს მედიასთან.  

წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება ჟვანიას ოჯახი, ნინო ჟვანია უარყოფს თოფაძეებთან მოლაპარაკებების მცდელობას და ოჯახს მომხდარის გამო საჯაროდ უხდის ბოდიშს.

ფაქტი რომ ბუსა ჟვანიას ოჯახი დაჭრილის ოჯახთან მოლაპარაკებას ცდილობდა, გოგი თოფაძემ მედიასთან დაადასტურა. 

ბიზნესმენი იმაზეც საუბრობდა რომ ბუსა ჟვანია დაჭრილი არ არის და ის მხოლოდ სიტუაციიდან თავის დაძვრენას ცდილობს.

თოფაძეები ორი დღეა საგამოძიებო ორგანოს სახლში ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, თუმცა ექსპერტები არც დღეს გამოჩენილან. ოთახი სადაც სისხლიანი გარჩევა მოხდა კვლავ დალუქულია.

მძიმედ დაჭრილი ლევან თოფაძე კვლავ კლინიკაშია, ვიდრე რეანიმაციულ განყოფილებას არ დატოვებს მის გამოკითხვას სამართალდამცველები ვერ შეძლებენ.

ბუსა ჟვანიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 -დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლო განაჩენზე ორი თვის შემდეგ იმსჯელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი