მესაზღვრის მიერ შესაძლო არასათანადო მოპყრობა და იარაღის უკანონოდ გამოყენება | დაწყებულია გამოძიება

გამოქვეყნდა:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ვაშლოვანის ნაკრძალში, სასაზღვრო პოლიციელის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყება განმარტავს, გამოძიების დაწყების საფუძველი 2023 წლის 29 მაისს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლის მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია გახდა. 

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ვაშლოვანის ნაკრძალში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების საფუძველი 2023 წლის 29 მაისს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 28 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ განთავსებული ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს," - წერს სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებაში. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ამ განცხადებას Facebook მომხმარებლის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია უძღოდა, რომელიც წერდა, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს ერთ-ერთმა მესაზღვრემ უმისამართოდ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. მისივე ინფორმაციით, მესაზღვრე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი