
ბოდბეში შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს პროკურატურა.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა მეუღლეს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად 2022 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. ასევე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა თავის არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ ბოდბეში მომხდარ დანაშაულზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის 5 სექტემბერს გაავრცელა. მოგვიანებით, ქალი, ორთვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. მას ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.