
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილი-მაისის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის 5 პირი დააკავეს, რომელთა შორის 1 ლიეტუვას მოქალაქეა, ხოლო 2 პირს - ბრალდება წარედგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ რა დროსაც მათი პირადი კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. უწყების ინფორმაციით, ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში დაზარალებულები ზემო აღნიშნულ ინფორმაციას, მათ ნებაყოფლობით უგზავნიდნენ. საგამოძიებო წერს, რომ ურთიერთობის დასრულების შემდეგ, შურისძიების მოტივით და შანტაჟის მიზნით ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს დაზარალებულების მშობლებს, ახლო ნათესავებს და ნაცნობებს უგზავნიდნენ, რითიც დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება.
გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული ზ.ც., 2014 წლიდან 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდში, დაზარალებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ასევე, დაზარალებულის ინფექციური დაავადების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. აღნიშული კი პირადი ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენდა. ზ.ც.-მ 2022 წლის ზაფხულში, დაზარალებულის საერთო ნაცნობთან და 2023 წლის მარტის თვეში, სოციალური ქსელის პირად გვერდზე, დაზარალებულისგან თანხმობის გარეშე, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია უკანონოდ გაავრცელა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 159 მუხლებით (პირადი მიმოწერის საიდუმლოს დარღვევა) გრძელდება.