ჩხრეკა ენმ-ის წევრისა და მისი ნათესავების ბინებში - ბესო გაზდელიანი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბესო გაზდელიანი დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. მან უწყებას თავად მიმართა და მოითხოვა გამოიძიონ რატომ შეიჭრნენ, სავარაუდოდ, კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენლები ოპოზიციონერის საცხოვრებელ სახლში და რა მიზნით ჩაატარეს სპეცოპერაცია როგორც გაზდელიანის, ასევე მისი ნათესავების ბინებში.

"9 მარტს, გამთენიისას, დაახლოებით 6-ის ნახევარზე, სპეცდანიშნულების რაზმი შემომივარდა ოჯახში, სადაც არასრულწლოვანი ბავშვებიც გვყავდა. დაგვიწიოკეს ოჯახი, ჩემ გარდა, ჩემი ნათესავის ოჯახებში შევიდნენ, დაახლოებით 11 ოჯახში. სპეცოპერაციის შემდგომ გადავწყვიტეთ მიგვემართა ამ სამსახურისთვის, რომელიც იმედია სიმართლეს დაადგენს, ძალიან დიდი იმედები არ მაქვს, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ შეიძლება რაღაც სიმართლე მოეფინოს ამ ფაქტს და გაირკვეს თუ რა მიზანი ამოძრავებდათ, როდესაც ჩემსა და ჩემი ნათესავების ოჯახებში ასეთი არაადეკვატური ძალის გადამეტებით შემოგვივარდნენ", - ამბობს ბესო გაზდელიანი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 9 მარტს, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოქალაქე ბ.გ.-ის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთი. საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლით გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი